აუცილებელია, გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მან უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო.

შეხვედრისას, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მისიამ  უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება, რაც ადმინისტრაციულ ხაზზე მეტ სიმშვიდეს მოიტანს და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო ნორმალურ პირობებში იცხოვრონ.

“ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რა სიხშირით იტაცებენ ადამიანებს, ვიცით რა მძიმეა ადმინისტრაციულ ხაზს იქით არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს კიდევ დაუდასტურა მისიის მიმართ პირადად მისი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რათა ყველა პირობა შეიქმნას მისიის მანდატის განსახორციელებლად.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებს, ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა ფორმატებს, რომელიც უნდა იყოს გააქტიურებული.

“ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას და ვეძებოთ ყველა საშუალება, რითაც შესაძლებელი იქნება, ამ დაძაბულობის მოხსნა და რათა დავუბრუნდეთ ნორმალურ სიტუაციას და ბოლომდე შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს მისიის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.

“ჩემთვის, როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალი ხელმძღვანელისათვის, დიდი პატივი იყო საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა.

მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება პრეზიდენტისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციული საქმიანობისა და ჩემი, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პრიორიტეტების შესახებ.

ჩემი აზრით, ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ევროკავშირის მხრიდან ამ რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის ერთგვარი გამოხატულებაა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.
ჩვენ ვპატრულირებთ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.

ჩემი აზრით, ჩვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინციდენტებისა და დაკავებების შესაფასებლად, სანამ ისინი უკონტროლო ზღვრამდე გამწვავდება.

მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს მისიის დაფასების, ჩვენი ოპერაციული საქმიანობის მიმართ ინტერესის გამოხატვისა და იმ სურვილისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა თანხვედრაში იყოს თავდაპირველ მანდატთან, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს.

მე მსურს, დავარწმუნო ქალბატონი პრეზიდენტი, რომ პანდემიის პერიოდშიც კი, ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა ჩვენი მანდატი და მოწოდებულნი ვართ მომავალშიც განვაგრძოთ საქმიანობა.

ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მძიმე მდგომარეობაა, რაც უკავშირდება ბორდერიზაციის პროცესს და ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კონტროლირებადი გამშვები პუნქტების დაკეტვას.
სამწუხაროდ, გარკვეული ინციდენტები სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

პანდემიის პერიოდშიც, ამ მდგომარეობამ თავისი გარკვეულწილად ნეგატიური გავლენა იქონია მოსახლეობაზე. ამიტომ, მივმართავთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის გადაჭრაში, გავერთიანდეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რათა მწვავე საკითხებზე ვიმსჯელოთ.
შესაბამისად, ეს ამ პრობლემების საპასუხოდ სწორი და შესაფერისი ფორმატია, სადაც თავიდან უნდა ავირიდოთ არასაჭირო პოლიტიკური რიტორიკა.

ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გადაჭრისაკენ მიმართული პრაგმატული დიალოგის გაგრძელება”,  – აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.