უცხოელებმა რუსული კომპანიების დირექტორთა საბჭოების დატოვება დაიწყეს

რუსეთში  დიდი ხანია დაინერგა პრაქტიკაში რუსული კომპანიების დირექტორთა საბჭოებში უცხოელების მიწვევა: ყველაზე ხშირად ეს იყვნენ ყოფილი ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები, რომლებიც მათ საზღვარგარეთ მსხვილი ბიზნესის ლობირებაში ეხმარებოდნენ. კომპანიებისთვის ასეთი პერსონების მოწვევა ძირითადად სტატუსის ამაღლების საშუალება იყო.

მაგალითად, 2021 წელს ფართოდ განიხილებოდა როსნეფტის დირექტორთა საბჭოში ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნაისლის დანიშვნა. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2018 წელს მის ქორწილს ესწრებოდა და მასთან იცეკვა კიდევაც.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ როგორც ჩანს, შეიძლება ეს დამკვიდრებული პრაქტიკა შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ხუთშაბათს მედიამ ერთდროულად რამდენიმე ევროპელის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლებმაც რუსული კომპანიების დირექტორთა საბჭო დატოვეს. ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა, კრისტიან კერნმა განაცხადა, რომ რუსეთის რკინიგზას შეატყობინა დირექტორთა საბჭოდან მისი წასვლის შესახებ. კომპანიის საიტზე ის ჯერ კიდევ მოხსენიებულია, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი. ფინურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთის ექსპრემიერმა, ესკო ახომ დატოვა “სბერის“ სამეთვალყურეო საბჭო. ამჟამად ბანკის საიტზე ყველა უცხოელზე აღნიშნულია, რომ ისინი საბჭოში აღარ არიან. ახოს გარდა, რამდენიმე რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან ფინელები – ნადია კრისტინა უელსი და ნატალი ალექსანდრა ბრაგინსკი მუნიე. ისინი არა პოლიტიკოსები, არამედ ფინანსური ანალიტიკოსები არიან. სამივე მათგანი სხვა მოვალეობებთან ერთად კომპანიის სტრატეგიული დაგეგმარებით იყვნენ დაკავებული.

გამოცემა Financial Times–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია “დელიმობილის“ დირექტორთა საბჭო დატოვა იტალიის ყოფილმა პრემიერმა მატეო რენციმ. ეს კომპანია რუსეთში ქარ შეარინგით იყო დაკავებული.

ამასთან, უცხოელთა ნაწილი კვლავ განაგრძობს რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას. მაგალითად, როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი .  ლუკოილის დირექტორთა საბჭოს წევრია ტობი ტრისტერ ჰატი, რომელიც 1990–იან წლებში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო. ასევე ავსტრიის კიდევ ერთი ყოფილი კანცლერი, შიუსელ ვოლფგანგი.