გუშინ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში თებერვლის შუა რიცხვებში ფაიზერის 29 250 დოზა ვაქცინა შემოვა, რითაც სამედიცინო პერსონალი აიცრება.
ვინაიდან ვაქცინა ერთ ადამიანს ორჯერ უკეთდება, 29 250 დოზა მხოლოდ 14 625 სამედიცინო მუშაკს ეყოფა.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ჯანდაცვის 71 415 მუშაკია, მათგან სამიზნე სეგმენტი კი 65%, ანუ 46 420 ადამიანია.
გამოდის, რომ 46 420 ჯანდაცვის მუშაკიდან, თებერვალში ფაიზერის ვაქცინით მხოლოდ 14 625 პირი, დაახლოებით 31.5% აიცრება.
ზუსტი თარიღი, თუ როდის აიცრებიან ჯანდაცვის სფეროს დანარჩენი წარმომადგენლები, ჯერჯერობით უცნობია.