ფაიზერმა მოგვწერა, რომ ხელისუფლებას ვაქცინის შესყიდვისთვის არ მიუმართავს – ჩალაძე

გენეტიკის  ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ ფაიზერისგან მიიღო წერილი, რომ საქართველოს ხელისუფლებას მათგან ვაქცინის ყიდვისთვის არ მიუმართავს.

მისივე მტკიცებით, ინფორმაცია გამოითხოვა კოვაქს პლატფორმიდანაც, რომლის დახმარებითაც საქართველომ ვაქცინა უნდა მიიღოს. ჩალაძე ამბობს, რომ კოვაქს პლატფორმაზე არცერთი დოზა ფაიზერის ვაქცინა არ არის.

“ჩვენ მივიღეთ გუშინ წერილი. ეს წერილი არის ფაიზერისგან, სადაც დადასტურებულია, რომ გუშინ, პირველი საათის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლებას მწარმოებლისთვის, ფაიზერის ვაქცინის შესყიდვისთვის არ მიუმართავს. ეს არის ოფიციალური დასტური ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა სახელისუფლებო არხების მიერ. ეს არის ბატონებო ძალიან ცუდი ფაქტი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აზიანებს ჩვენს საერთო მიზანს.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვაქსის პლატფორმიდან საქართველოში შემოდის ფაიზერის ვაქცინა. ჩვენ მივმართეთ კოვაქსს და მივიღეთ მათგან მეორე წერილი. ეს წერილი გახლავთ დასტური იმისა, რომ კოვაქს პლატფორმაზე არ არის ფაიზერის ვაქცინა. ჩამოთვლილი 1.9 მილიარდი დოზიდან არცერთი დოზა ფაიზერის ვაქცინა არ არის”,– ამბობს ჩალაძე მთავარი არხის ეთერში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ფაიზერის ვაქცინა შემოვა, მას კი ასტრაზენეკა მოჰყვება.