“ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკების მაგიდა ფაქტობრივად დატოვებული აქვთ “- „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკების მაგიდა „ფაქტობრივად უკვე დატოვებული აქვთ“, რადგან „ქართული ოცნების“ მიზეზით, მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ გრძელდება.
„გამოსავალი არცერთ ცალკე აღებულ სტრატეგიაში არ არის, არამედ არის სტრატეგიებისა და სხვადასხვა ნაბიჯების ერთობლიობაში და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რომელიმე ერთი სტრატეგიით შემოვიფარგლოთ, მაგალითად, მარტო დაუმორჩილებლობით. ჩვენი სტრატეგია რამდენიმე ნაწილისგან შედგება: პირველი, ეს არის, მათ შორის, მწვავე პროტესტი ქუჩაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რამ, ხშირად მოლოდინი იქმნება ხოლმე, რომ ქუჩის პროტესტი იქნება და ამით შეიცვლება ყველაფერი. არა, ასე არ იქნება, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ პროტესტის.
მეორე, ეს იქნება აქტიური კონტაქტი საზოგადოებასთან და ხალხთან იმის ასახსნელად, რატომ არის დღევანდელი სტატუს- ქვო პრობლემატური, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც ძალაუფლების უზურპირება მოახდინა და სადამდე შეიძლება ეს მივიდეს ქვეყნისთვის. მოსახლეობას ეს კარგად ესმის, მაგრამ ჩვენც უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ და ვაპირებთ ეს გავაკეთოთ, მათ შორის, კარდაკარით, მოსახლეობასთან პირდაპირი შეხვედრებით, რომ ეს კარგად გაიგოს ყველამ. მათ შორის, მედიის გამოყენება, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა და ასევე, სხვადასხვა ტიპის საზოგადოებაში რა პროტესტიც გაჩნდება, ამ პროტესტის მხარდაჭერა შედის სტრატეგიაში.
არ გამოვიყენებთ მხოლოდ პარლამენტს და სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუცია ისეა მოწყობილი, გამარჯვებულს რომ ყველაფერი მიაქვს, ისეთი მოდელი გვაქვს. პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას მარტო ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ ტრიბუნად გამოიყენოს. ოპონირებას სხვაგანაც შევძლებთ. სამი თვეა არ ვმონაწილეობთ საპარლამენტო ცხოვრებაში, ოპოზიციური ხმა დაიკარგა ქვეყანაში ? ანუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ოპოზიციას რა გზავნილის გაჟღერებაც უნდა, ის არ მიდის საზოგადოებამდე? არა, ბუნებრივია, მედიასაშუალებები ჯერ კიდევ იძლევა საშუალებას, რომ ეს მედიუმი იქნას გამოყენებული, არსებობს სოციალური მედია, არსებობს უშუალო მუშაობა საზოგადოებასთან, პარლამენტიდან იქნება ეს განცხადება გაკეთებული თუ ამ ეთერიდან, ამას დიდი მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში, არ აქვს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.