აზერბაიჯანი შესაძლოა შეეცადოს ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული პრინციპების ჩარჩოს– აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი.
სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, განიხილოს საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად.
ფაშინიანმა თქვა, რომ ალიევის წინადადება შეიძლება განიმარტოს, როგორც უკვე შეთანხმებული პრინციპების გაუქმების მცდელობა სხვა პლატფორმაზე გადასვლით, ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის გამართვის საკითხი განიხილება.
„გრანადაში შედგა შეხვედრა და ევროკავშირის პლატფორმაზე დაფიქსირდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პრინციპები, ჩვენი და ევროკავშირის თვალსაზრისით. ახლა გასაგებია, რომ როცა ბრიუსელში ვიკრიბებით, საუბარი სწორედ ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, მე არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ სომხეთის ინტერესებს შეესაბამება. ეს მიიღო სომხეთის რესპუბლიკამ და, სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო. ახლა კი, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ბრიუსელში შეხვედრის საკითხს, სადაც, ფაქტობრივად, უნდა შეიკრას წრე, და როდესაც აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება განიმარტოს, ასე, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს გააუქმოს უკვე შეთანხმებული პრინციპები“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, პრინციპები უნდა იყოს შეთანხმებული, ხელმოწერილი და გამოცხადებული, რაც ცხადს გახდის დისკუსიის ჩარჩოს.
ფაშინიანის თქმით, შიში იმისა, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა მართლაც ახალ ესკალაციას გეგმავს, სულ უფრო ძლიერდება.
„ჩვენ არავითარი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გამოგვიყვანს“, – დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.