ფინეთის პრემიერმინისტრმა, პეტერი ორპომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადეს, რომ ფინეთი რუსეთის საზღვარზე ერთის გარდა ყველა გამშვებ პუნქტს დახურავდა. ტოვებს მხოლოდ ერთ პუნქტს, ჩრდილოეთით მდებარე Raja-Jooseppi-ს, სადაც მისვლა რთულია.
ამით ფინეთი რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადს შეაჩერებს.
“მზარდი ნიშნებია იმისა, რომ ვითარება უარესდება… მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, დახუროს მეტი სასაზღვრო პუნქტი”, – თქვა პრემიერმა და დაამატა, რომ დატოვებენ ერთადერთ გამშვებ პუნქტს, Raja-Jooseppi-ს, რომელიც ჩრდილოეთით მდებარეობს. ამ გამშვებ პუნქტთან, არ არის სოფლები ან სხვა ინფრასტრუქტურა, გარდა გზის და საპასპორტო კონტროლის შენობისა. ამ პუნქტიდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი ივალოა, რომელიც შენობიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს. ეს გამშვები პუნქტი კი დღეში მხოლოდ 4 საათი მუშაობს.