ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საპასუხოდ, კრემლი ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო პოტენციალს აძლიერებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო აცხადებს  რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საპასუხოდ კრემლი გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში.

  • “ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სამხედრო პოტენციალს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ NATO-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები განლაგდება ფინეთში, ჩვენ გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად”, – თქვა ალექსანდრე გრუშკომ РИА Новости-სთან.

ფინეთი NATO-ს წევრი ქვეყანა ხვალიდან  გახდება. ცნობილია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი საული ნიინისტო ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაწევრიანების ცერემონიალზე დასასწრებად სწორედ სამშაბათს ჩავა.

  • “ფინეთი, 4 აპრილს, ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო წარადგენს”, – ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგის თქმით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანების აღსანიშნავად, დროშის აღმართვის ცერემონიალიც გაიმართება: “ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისა და მთლიანად NATO-სთვის კარგი დღე იქნება”.