ფინეთის ნატოში შესვლის შემდეგ ესტონეთი და ფინეთი გეგმავენ სანაპირო დაცვის სისტემები გააერთიანონ, რაც მათ საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციის გემებისთვის ბალტიის ზღვაში გასასვლელი ჩაკეტონ. ამის შესახებ ფინურ გაზეთთან ინტერვიუში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა.
“ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სანაპირო დაცვის ინტეგრირება. ესტონური და ფინური რაკეტების მოქმედების სიშორე ფინეთის ყურის სიგანეს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას და ერთმანეთს მთელი ინფორმაციას გავუზიარებთ“– ამბობს მინისტრი.
მისი განცხადებით, შვედეთის და ფინეთის ნატოში შესვლის შემდეგ ბალტიის ზღვა ფაქტიურად “ნატოს შიდა ზღვა“ ხდება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას.
ფინეთის ყურის მაქსიმალური სიგანე 130 კილომეტრია. როგორც ფინური გამოცემა აზუსტებს, 2021 წლის შემოდგომაზე ესტონეთმა გადაწყვიტა საზღვაო სამიზნეებთან საბრძოლველად ისრაელისგან Blue Spear–ის რაკეტები შეიძინა, რომელთა ფრენის მანძილი 290 კილომეტრია. ამგვარად, ესტონოელებს შეუძლიათ საკუთარი რაკეტები ფინეთის ყურეში ნებისმიერ წერტილს დაუმიზნონ.
თავის მხრივ, ფინეთის სამხედრო–საზღვაო ძალების არსენალშია სარაკეტო სისტემა МТО 85М, 100 კილომეტრის სიშორით და საძიებო რადიოლოკაციური თავით. შესაბამისად, ფინელებს შეუძლიათ აკვატორია ესტონეთის ჩრდილოეთ სანაპირომდე გააკონტროლონ.
როგორც ამბობენ, ფინელები და ესტონელები ერთობლივი სანაპირო თავდაცვის შექმნას ჯერ კიდევ 1930–იან წლებში გეგმავდნენ, თუმცა მაშინ პროექტი ვერ განხორციელდა.
ესტონელი მინისტრის თქმით, ახლო მომავალში ესტონეთში ნატოს ახალი დივიზიის შტაბბინას შექმნიან. მასში 5 ბრიგადა იქნება. ესტონეთი ორ ბრიგადას გამოყოფს. კიდევ ერთს – დიდი ბრიტანეთი. საჭიროების შემთხვევაში მოკავშირეები რეგიონში კიდევ ორ ბრიგადას გაგზავნიან.