კლასიკური დისნეის ანიმაციის რიმეიქი, რომელიც მარკ უებმა გადაიღო, სკანდალური ჯერ კიდევ ეკრანებზე გამოსვლამდე გახდა. 15 მარტს მისი მსოფლიო პრემიერა შედგა. „ფიფქიას“ ბოიკოტის მოწოდებით გამოდიოდნენ პრო-პალესტინელი აქტივისტები, ხოლო ისრაელის კონსულმა მთავარი როლის შემსრულებელი გააკრიტიკა. მემარჯვენეები ფილმს დასცინოდნენ „არასაკმარისად თეთრი“ ფიფქიას გამო, ხოლო მრავალფეროვნების მომხრეებმა დაგმეს ის, რომ ფილმში ჯუჯები, ანუ დაბალი ტანის ადამიანები, იყვნენ წარმოდგენილი. მოგვიანებით, როცა შემქმნელებმა ჯუჯების კომპიუტერული გრაფიკით ჩანაცვლება გადაწყვიტეს, აღშფოთდა უკვე დაბალი ტანის ადამიანთა საზოგადოება.
ევროპული პრემიერა გასულ კვირას ესპანეთის სეგოვიაში გაიმართა, იმავე ციხესიმაგრეში, რომელიც 1937 წლის ანიმაციის სასახლის პროტოტიპი იყო. მთავარი როლის შემსრულებელმა, რეიჩელ ზეგლერმა, ღონისძიებაზე ფილმის ერთ-ერთი სიმღერა Waiting on a Wish შეასრულა.
როგორც ეს ღონისძიება, ასევე 15 მარტს ლოს-ანჯელესში გამართული პრემიერა ბევრად უფრო მოკრძალებული იყო, ვიდრე ტრადიციულად, მსგავსი მასშტაბის ფილმებისთვის იმართებახოლმე. Disney-მ პრემიერაზე მედიის უმრავლესობა არ მიიწვია — სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ჟურნალისტებს წითელ ხალიჩაზე უხერხული კითხვები არ დაესვათ.
“არასაკმარისად თეთრი“ ფიფქია
პირველი სკანდალები ჯერ კიდევ 2021 წელს, კასტინგის დამტკიცების ეტაპზე დაიწყო. ფიფქიას როლზე აირჩიეს კოლუმბიური წარმოშობის მსახიობი, რეიჩელ ზეგლერი. ორიგინალური ანიმაციის ზოგიერთი გულშემატკივარი აღშფოთდა და აცხადებდა, რომ უცნაური იყო პერსონაჟის როლზე ისეთი მსახიობის დამტკიცება, ვისაც მუქი ტონის კანი ჰქონდა, მაშინ როცა ფიფქიას კანი „თოვლივით თეთრი“ უნდა ყოფილიყო.
როგორც თავად მსახიობმა 2024 წელს Variety-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, ამ ვერსიაში პრინცესამ თავისი სახელი არა კანის ფერის გამო, არამედ იმ თოვლის ქარიშხლის გამო მიიღო, რომელსაც ჩვილობისას გადაურჩა.
ამ ინტერვიუმდე ის უკვე იცავდა საკუთარ უფლებას ყოფილიყო „ლათინოამერიკელი პრინცესა“ და ამბობდა, რომ ფიფქია განსაკუთრებით პოპულარულია ესპანურენოვან ქვეყნებში. 2023 წლის ივლისში მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ბავშვობის ფოტოები, სადაც სხვადასხვა პრინცესის, მათ შორის ფიფქიას კოსტიუმშია გამოწყობილი, და თხოვნით მიმართა ფანებს, არ მოენიშნათ იმ პოსტებში, სადაც მისი როლზე არჩევა განიხილებოდა.
„მართლა, მართლა არ მინდა ეს ვნახო. ამიტომ გიტოვებთ ამ ფოტოებს. იმედია, თითოეული ბავშვი გაიგებს, რომ შეიძლება იყოს პრინცესა, რაც არ უნდა მოხდეს,“ — დაწერა მან.
ღაზას პრობლემა
ზეგლერს მხოლოდ კანის ფერის გამო არ აკრიტიკებენ, არამედ მისი პრო-პალესტინური პოზიციისთვისაც: როგორც თავად ამბობს, ამ შეხედულებებს 2021 წლიდან იზიარებს. ისრაელის კონსულმა ნიუ–იორკში, ოფირ აკუნისმა, ზეგლერი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში საკმარისი ცოდნის არქონაში დაადანაშაულა და დაამატა: „მას უნდა რცხვენოდეს.“
ამასთან, ფიფქიას დედინაცვლის როლის შემსრულებელი გალ გადოტი, რომელიც ისრაელიდანაა, მხარს უჭერს ისრაელს და ორი წელი ისრაელის არმიაში მსახურობდა. ამის გამო ინტერნეტში გადოტის მონაწილეობით ფილმის ბოიკოტისკენ მოწოდებით კამპანიაც კი დაიწყო. მიუხედავად ამისა, ორი მსახიობი ერთად პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის ლოს-ანჯელესში ფილმის პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ზეგლერმა Instagram-ის სთორებში გამოაქვეყნა პოსტები, სადაც დონალდ ტრამპსა და მის მომხრეებს აკრიტიკებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. „ისინი, ვინც ტრამპს უჭერდნენ მხარს, ვინც მას მისცა ხმა და თვითონ ტრამპიც, არასოდეს უნდა იყვნენ მშვიდად,“ — დაწერა მან და არჩევნების შედეგები აშშ-ის ღრმა სენის ნიშნად შეაფასა. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ „სიძულვილი და ბრაზი ჩვენ უფრო და უფრო გვაშორებს მშვიდობასა და ურთიერთგაგებას.“
ფემინისტური თვალთახედვა
1937 წელს გადაღებულ ანიმაციაში ჟღერდა სიმღერა Someday My Prince Will Come („ერთ დღეს ჩემი პრინცი მოვა“), რომელიც სიყვარულის მოლოდინს ასახავდა მშვენიერი პრინცის სახით. ერთ-ერთ ინტერვიუში რეიჩელ ზეგლერმა განაცხადა, რომ ახლა 1937 წელი აღარ არის და ფიფქია „აღარ იქნება პრინცის მიერ გადარჩენილი, აღარ იოცნებებს ჭეშმარიტ სიყვარულზე. ის ოცნებობს, რომ ლიდერი გახდეს და იცის, რომ ეს შეუძლია.“
მისი თქმით, ძველ ფიფქიაში ზედმეტი ყურადღება ექცეოდა სასიყვარულო ისტორიას ბიჭთან, რომელიც მას „პირდაპირ სტალკავდა“. ახალ ფილმში, ზეგლერის განცხადებით, პრინცთან სცენების ამოჭრა სიუჟეტს ზიანს არ მიაყენებდა. სტალკერობის თემაზე მან ხუმრობით ისაუბრა, მით უმეტეს, რომ ორიგინალურ ანიმაციაში პრინცი ფიფქიას კი არ უთვალთვალებდა, არამედ მას ეძებდა მას შემდეგ, რაც ერთი შეხედვით შეუყვარდა. მიუხედავად ამისა, ზეგლერი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ თითქოს „სიყვარულის წინააღმდეგია“. კონსერვატორმა ჟურნალისტმა ბენ შაპირომ კი განაცხადა, რომ ის ცდილობს ზღაპარი „გოგონა-ბოსის“ ისტორიად გადააქციოს.
ზეგლერმა კრიტიკას 2024 წლის ოქტომბერში Variety-სთვის მიცემულ ინტერვიუში უპასუხა და განმარტა, რომ „ფილმში სასიყვარულო ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია“. მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მისი სიტყვები ორიგინალური ანიმაციის კრიტიკად აღიქვეს, რადგან თავად მიიჩნევს, რომ ფიფქიას ერთდროულად შეუძლია როგორც სიყვარულის, ისე დამოუკიდებლობის სურვილი ჰქონდეს.
ფილმი ხალხს დაბალი ტანის გამო სამსახურს ართმევს?
პიტერ დინკლეიჯმა, მსახიობმა, რომელმაც სამეფო კარის თამაშებში შესრულებული როლისთვის „ემი“ მიიღო და 135 სმ სიმაღლის არის, ფიფქიას რიმეიქი ჯუჯების არსებობის გამო გააკრიტიკა. ინგლისურად „ჯუჯა“ dwarf-ად ითარგმნება, თუმცა ამავე სიტყვით ძალიან დაბალი ტანის ადამიანებსაც მოიხსენიებენ.
დინკლეიჯმა გაოცება გამოთქვა იმაზე, რომ Disney ამაყობს თავისი „პროგრესულობით“ და ლათინოამერიკელი მსახიობის არჩევით ფიფქიას როლზე, მაგრამ ამავდროულად „ისევ ყვება ამ საცოდავ, ჩამორჩენილ ისტორიას შვიდი ჯუჯის შესახებ, რომლებიც ერთ მღვიმეში ცხოვრობენ“.
Disney-მ, დინკლეიჯის კრიტიკის პასუხად, განაცხადა, რომ კონსულტაციებს გადის დაბალი ტანის ადამიანთა საზოგადოებასთან, რათა თავიდან აიცილოს იმ სტერეოტიპების განმტკიცება, რომლებიც ორიგინალურ ანიმაციაში იყო.
2023 წელს გადაღებული კადრებიდან გაირკვა, რომ შვიდი ჯუჯადან ერთს დაბალი ტანის მსახიობი ასრულებდა, ხოლო დანარჩენ ექვსს – სხვადასხვა რასისა და სქესის ჩვეულებრივი სიმაღლის მსახიობები. ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც მემარჯვენეებმა, ასევე თავად დაბალი ტანის ადამიანების საზოგადოებამ. მსახიობმა ჯეისონ აკუნიამ განაცხადა, რომ ეს მიდგომა დაბალი ტანის მსახიობებს სამუშაოს ართმევს.
Disney-მ კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი მიდგომა და საბოლოოდ ჯუჯები კომპიუტერული გრაფიკით შექმნა. თუმცა, არც ეს გადაწყვეტილება დარჩენილა კრიტიკის გარეშე. დინკლეიჯმა განაცხადა, რომ Disney „უაღრესად ცდილობს იყოს პოლიტკორექტული, მაგრამ ამას ჩვენი კარიერისა და შესაძლებლობების ხარჯზე აკეთებს“.
მსახიობმა და ბოდიბილდერმა, ჩუნ ტანმა, Daily Mail-ს განუცხადა, რომ ჯუჯების კომპიუტერული გრაფიკით ჩანაცვლება „აბსურდული და გარკვეულწილად დისკრიმინაციულია“.
„არაფერია ცუდი იმაში, რომ დაბალი ტანის მსახიობი ჯუჯას როლზე აირჩიონ“, — თქვა მან.
„თუ ჩვენ თანასწორებად და პატივისცემით გვიყურებენ, ჩვენ ჩვეულებრივ სიამოვნებით ვიღებთ ნებისმიერ როლს, რომელიც ჩვენთვის შესაფერისია“, — დაამატა ტანმა.
კიდევ ერთმა მსახიობმა, ბლეიკ ჯონსტონმა, აღნიშნა, რომ ბევრი დაბალი ტანის ადამიანი ოცნებობს ასეთ როლებზე, ხოლო Disney „პოლიტკორექტულობის ზეწოლას დამორჩილდა, რის შედეგადაც დაბალი ტანის მსახიობებისთვის სამუშაო შემცირდა“.