შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთში 57 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
“სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის აკ-74-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 45 საბრძოლო ვაზნა, მაყუჩი, რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი, ნაჭრის ნიღაბი და 2 წებოვანი ლენტი” – წერია უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.