გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში” ფორმალურად გაწევრიანდა, რადგან ფრაქციის შესაქმნელად მეშვიდე დეპუტატი სჭირდებოდათ.
“ჭრელი ფრაქციაა ეგზოტიკური სახელით – “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”. ფრაქციის წევრი ვარ ფორმალურად, ხათუნა სამნიძემ და გიორგი ვაშაძემ მელაპარაკა, უნდოდათ ფრაქციის გაკეთება და ადამიანების რაოდენობის პრობლემა ჰქონდათ – 7 კაცი არის გათვალისწინებული რეგლამენტით. იცოდნენ ჩემი პოზიცია, რომ მე საერთოდ არაფერში მონაწილეობას არ ვაპირებ.
ადამიანურად მთხოვეს, რომ სჭირდებათ, რომ ბიუროზე ჰქონდეთ შესვლის შესაძლებლობა, ტრიბუნაზე მეტი დროის ქონა და ა.შ. თვითონაც იციან, რომ ეს არის ტექნიკური ამბავი, არც ფრაქციაში მონაწილეობას ვაპირებ, არც საერთო იდეები და ხედვები გვაქვს, უბრალოდ მეშვიდე ადამიანის ხელმოწერა სჭირდებოდათ და მოვუწერე ხელი”,– განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს მეორე ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. მასში გაწევრიანდნენ გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, გრიგოლ ვაშაძე, ტარიელ ნაკაიძე, ზურაბ ჯაფარიძე და ხათუნა სამნიძე.