ფუტკარაძე მოკლა იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება ბათუმის ახალ საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას და წერს, რომ ის იმ ადამიანებმა მოკლეს, ვინც ვარდების რევოლუციამ დაამარცხა.

“ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა პრინციპებისთვის და ქვეყნისთვის! ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი არ გაიყიდა!

ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე – ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ. ის, ვინც ანადგურებდა მანამდე და ანადგურებს ახლა ეროვნულ დოვლათს და თითოეულ ოჯახს ძარცვავს. ჩვენ ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ ყველაფერს!”,– წერს სააკაშვილი.

ენმ-ს განცხადებით, ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით ზეწოლას ახდენდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. მათ ამის დასადასტურებლად აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნეს, რომელიც თავად ფუკარაძემ ჩაწერა.