ქაბულიდან ევაკუირებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში თბილისის აეროპორტის გავლით გადაჰყავთ

ქაბულიდან ევაკუირებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში თბილისის აეროპორტის გავლით გადაჰყავთ. ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციაში საქართველოც ჩაერთო. ინფორმაციას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით (დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია).

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. ასევე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტალის ევაკუაციისას.

შედეგად, ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში.

მათი საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები”-ვკითხულობთ განცხადებაში.