მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს:
“როგორც რადიო თავისუფლება გვამცნობს, აშშ ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა შემდეგი:
“ძალიან დადებითი მომენტია, რომ დელეგაცია მიდის და რომ ეს მრავალპარტიული დელეგაციაა. როგორც ვიცი, [საქართველოს პარლამენტის] სპიკერ [შალვა] პაპუაშვილს ძალიან დადებითი [ვიდეო] ზარი ჰქონდა რადის სპიკერთან, ვფიქრობ, იმ გაუგებრობის, რომელიც ზოგჯერ ხდება, მედიის გამო, პირისპირ საუბრის უქონლობის გამო, გადაჭრის საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი“.
ქვეყანაში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის თანახმადაც მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ნადირობა, ბულინგი და დამცირება, ამერიკის ელჩის ამგვარი განცხადება შესაძლოა აღმოჩნდეს მედიაზე ძალადობის და მასზე ზეწოლის ახალი და კიდევ უფრო ძლიერი ტალღის ტრიგერი.
ჩვენ უნდა აგვიხსნან ამ განცხადების არსი:
რომელი მედია იგულისხმება (ქართული, უკრაინული თუ ორივე)
თუ ქართული, რომელი – სამთავრობო თუ ოპოზიციური
თუ ოპიზიციური, კონკრეტულად რომელი
კონკრეტულად, რა არის მედიის ბრალი: ქართული ოცნების ლაივში გაკეთებული გამცხადებები მოიგონა, უკრაინელების განცხადებები მოიგონა, ხელი შეუშალა უკრაინულ მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პირდაპირ კომუნიკაციას?
ან განიმარტოს, რომ ამგვარი განცხადება არ გაკეთებულა, ან გულისხმობდა სხვა რამეს, ან კონტექსტიდან ამოღებამ შეცვალა განცხადების შინაარსი
ან განიმარტოს, რომ ელჩმა შეცდომა დაუშვა და სწუხს ამის გამო
ვიდრე ამ შეკითხვებზე პასუხებს და მტკიცებულებებს ვერ მივიღებთ, ვწუხვარ, მაგრამ ქალბატონი ელჩის განცხადებას განვიხილავ შიშველ სპეკულაციად და დაუსაბუთებელ ბრალდებად, რისი მიზანიც ჩემთვის უცნობია.
ამ წუთისთვის რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული აშშ ელჩის განცხადება ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების და მედიის საქმიანობის ამერიკულ და ქართულ სტანდარტებს და ქმნის იმ საფრთხეების გაზრდის მაღალ რისკებს, რაც ამერიკისვე სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნით, საქართველოში ისედაც უკიდურესად სახიფათო კონდიციაშია.
იმედს ვიტოვებ, შეკითხვები არ დარჩება უპასუხოდ.“– წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში და განაცხადა, რომ დელეგაციის მრავალპარტიულობა დადებითი ნიშანია.
ელჩმა თქვა, რომ მოხარულია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის წლების განმავლობაში არსებული ძმური ურთიერთობა ისევ სახეზეა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოს დელეგაცია მრავალპარტიული დელეგაციაა, რაც გამოხატავს საქართველოს ხალხის ძლიერ გრძნობას, რომ მათ სურთ სოლიდარობა გამოხატონ უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ძალიან დადებითი მომენტია, რომ დელეგაცია მიდის და რომ ეს მრავალპარტიული დელეგაციაა. როგორც ვიცი, [საქართველოს პარლამენტის] სპიკერ [შალვა] პაპუაშვილს ძალიან დადებითი [ვიდეო] ზარი ჰქონდა რადის სპიკერთან, ვფიქრობ, იმ გაუგებრობის, რომელიც ზოგჯერ ხდება, მედიის გამო, პირისპირ საუბრის უქონლობის გამო, გადაჭრის საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი და მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ხანგრძლივი, ძლიერი, ძმური მხარდაჭერა ისევ ადგილზეა და ისევ ძლიერია მაშინ, როცა ეს უკრაინას სჭირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი სიტყვებით, „ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს მაშინ, როცა უკრაინა და საქართველო უპირისპირდებიან ერთმანეთს, არის რუსეთი”, ამიტომ ამ ერთიანობის ნახვა ახლა ძალიან სასიხარულოა.
“ახლა ის მომენტია, როცა ყველა უნდა იდგეს ერთად და ნათელი გახადოს, რომ ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის დაპყრობისთვის მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, ქალაქების დანგრევა დაუშვებელია და ვფიქრობ, დელეგაციის ვიზიტი ამის მტკიცე დადასტურებაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დენგანი დღეს, 15 აპრილს, ესწრებოდა ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებას. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა.