მოკლული ტუნისელი ახალგაზრდა კაცი ილეს ამრია, რომელიც პიზაში ტუნისიდან 5 წლის წინ ძმებთან ერთად ჩავიდა. ძმები ამბობენ, რომ ის არც ნარკომანი და არც ნარკოტიკებით მოვაჭრე არ ყოფილა. ამის ხაზგასმა იმის გამო გახდა საჭირო, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ვაგზლის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული, იმ რაიონში, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ ნარკომანები, ნარკომოვაჭრეები და სხვადასხვა ტიპის კრიმინალები. თუმცა, მოკლულის ძმები ამბობენ, რომ მათი ძმა კრიმინალი არ ყოფილა და არც ნასამართლეობა ქონდა.
მოკლულის ოჯახის ვერსიით პარასკევს საღამოს ის ვიტორიო ემანუელეს მოედანზე მდებარე საფოსტო განყოფილების შესასვლელის საფეხურზე იჯდა, როცა ტუნისელების და ქართველების ჯგუფების ჩხუბი დაიწყო. ახალგაზრდა შეეცადა ისინი გაეშველებინა. ძმების თქმით, სწორედა ამ დროს მოკლეს ახალგაზრდა კაცი.
მოკლულის ოჯახმა ადვოკატი აიყვანა და სამართლიანობას ითხოვს. ისინი მკვლელობის გახსნას და მკვლელის დაკავებას ითხოვენ.
ცნობისთვის, იტალიელმა კარაბინიერებმა დააკავეს 32 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ეჭვმიტანილია 25 წლის ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე.
იტალიური მედიის ინფორმაციით იძებნება მისი თანამზრახველი, ასევე ქართველი, რომელთან ერთადაც ის 25 წლის ტუნისელს თავს დაესხა. მკვლელობა პარასკევს საღამოს ქალაქ პიზას ცენტრში დანის გამოყენებით მოხდა. მოკლული პოლიციისთვის წვრილმანი დანაშაულებით იყო ცნობილი. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია
მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი პიზას პოლიციის ოპერატიული განყოფილების კარაბინერებმა საგამოძიებო განყოფილების კოლეგებთან ერთად იპოვნეს, რომლებმაც მობილური ქსელების მომხმარებლების იდენტიფიკაცია და ქალაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების შემოწმება განახორციელეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველის დაკითხვები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოძიება იმის დადგენას შეეცდება, კონკრეტულად რომელმა ეჭვმიტანილმა მიაყენა ტუნისელს მომაკვდინებელი დარტყმა.