“ქართული ოცნება” ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან-ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია პლატფორმაზე X აქვეყნებს განცხადებას “ქართული ოცნების” მხრიდან შავი ფულის გამოყენების შესახებ თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან.

“‘ქართული ოცნება’ ეყრდნობა შავ ფულს, თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მსოფლიოს გარშემო, საიმისოდ, რომ დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროვოს მისი ოპოზიცია.

სახელმწიფო დეპარტამენტი უნდა დაუპირისპირდეს ამ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც აფინანსებენ ‘ქართული ოცნების’ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ”–წერს ჰელსინკის კომისია.

„ქართული ოცნების“ მიერ თაღლითური ქოლცენტრების გამოყენებაზე საუბარია  ჰელსინკის კომისიის წევრი ამერიკელი კონგრესმენების წერილშიც, რომელიც მათ 31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს გაუგზავნეს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.

ჰელსინკის კომისია, ანუ  აშშ-ის “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია” არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა – წარმომადგენელთა პალატის, სამი – აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.