„ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „ქართული ოცნება“ მზადაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან ერთად დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში.
„მივესალმები ამ მოწოდებას. გუშინაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადებები, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებებით და ასე შემდეგ“,-განაცხადა კალაძემ.