შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი მისი ქვეყნის მიერ არჩეულ კორონავირუსთან ბრძოლის გზას აკრიტიკებს. მონარქი ამბობს, რომ შვედეთმა Covid19-ის პანდემიაზე ადეკვატური პასუხის გაცემა ვერ შეძლო და მისი მართვა “ჩააგდო”. შვედმა ხალხმა ” კი უზარმაზარი” ზარალი განიცადა.
დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერში, მეფე კარლ XVI გუსტავი “საშინელ” ფაქტს უწოდებს იმას, რომ შვედეთში ვირუსის გამო ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. დაახლოებით ერთი თვის წინ, 74 წლის მეფის ოჯახში კორონავირუსი მის ვაჟს და რძალსაც დაუდასტურდათ.
შვედეთის მეფე შობის წინ ადგილობრივი ტელევიზიით მთელი წლის შედეგებს აჯამებს. მონარქია ქვეყანაში მხოლოდ სიმბოლურია და მეფეს შვედეთში არანაირი პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნია.
ე.წ. შვედური მოდელი თავიდანვე იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. შვედეთმა გადაწყვიტა მკაცრი შეზღუდვები არ შემოეღო და ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის გზით წასულიყო, განსხვავებით მისი უშუალო მეზობლების – ნორვეგიის, დანიისა და სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით. შვედეთში არ დახურულა რესტორნები და ბიზნესები. არ ყოფილა ნიღბების სავალდებულო ტარება. მთავრობა მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდა სოციალური დისტანციის დაცვისა და ჰიგიენის ნორმების შესახებ.
თუმცა, ბოლო დროს განსაკუთრებით მზარდი ინფიცირების გამო შვედეთი იძულებული გახდა შემზღუდავი ზომები გაემკაცრებინა.
სამშაბათს, შვედეთის მთავრობის დანიშნული, დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოცემულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ მოსახლეობა ვირუსისგან სათანადოდ ვერ დაიცვა. განსაკუთრებით, ეს შვედ მოხუცებს ეხებათ.
ბოლო რამდენიმე კვირაა მთავრობამ შეზღუდვები შემოიღო. მათ შორის: სკოლების ონლაინ სწავლაზე გადასვლა, საჯარო თავყრილობების შეზღუდვა, ბარებში და რესტორნებში ალკოჰოლის ღამის 10 საათის შემდეგ გაყიდვის აკრძალვა და ა.შ.
შვედეთში დრომდე სულ 7 893 გარდაცვლილი ჰყავთ, დაინფიცირებულთა ჯამური რაოდენობაა 357,466 რაც 10-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნისთვის საკმაოდ დიდ მაჩვენებლად მიიჩნევა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით შვედეთი 100 000 მოსახლეზე დაინფიცირებულთა რაოდენობით 28–ე ადგილზეა, მაშინ როცა ამ სიაში საქართველო 11–ე ადგილს იკავებს.