ქვეყანაში ერთადერთი უსაფრთხო ადგილი სოლოლაკში შუშის სასახლეა – ოქრუაშვილი ზუგდიდზე

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოში ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეა.

“ღარიბაშვილს ხომ არ უთქვამს ატამი და მანდარინი რა ღირს ან ის ბოთე გომელაური ხომ არ გამოჩენილა, ბაღი მაქვს დასაბარი. ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო საერთოდ არ გვაქვს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ის ფული რაც იმ კაცს გადაუხადეს, ჩვენი ჯიბიდან, ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან გაიცა”,– წერს ოქრუაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე თავდამსხმელს არ შეუშვებენ.