ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-19%-მდე, კოლექტიური იმუნიტეტისთვის უნდა იყოს 60-70%–ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეფასებითი მაჩვენებლით, ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის დაახლოებით 15-19%.

როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა საზოგადოებრივი, კოლექტიური ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისთვის ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი დაახლოებით 60-70% უნდა იყოს.

“ყველა მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს ინფექციის ცირკულაციაზე ეს არის – ინციდენტობა და ასევე, დადებითობის მაჩვენებელი ტესტირების, რომ ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი შემსუბუქება ქვეყანაში არ შეიძლება. ამიტომაც საკოორდინაციო საბჭოზე საკმაოდ სერიოზული მსჯელობა იყო ამასთან დაკავშირებით და ასიმეტრიული შემსუბუქება მოხდა.

ეპიდვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დამყოლობაა სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემულ რეგულაციებზე. მოგეხსენებათ, რომ ყველაზე ძლიერი და ადრეული ეპიდ-აფეთქება ჩვენ გვქონდა აჭარაში, შეიძლება ბიოლოგიური ფაქტორებიც იყოს, ვერ გამორიცხავ და ა.შ. აჭარაში მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს ჰქონდა ეს ინფექცია და იქ ბუნებრივი იმუნიტეტის გარკვეული ფენაც უკვე საკმაოდ, (არა ძალიან დიდი, მაგრამ მნიშვნელოვანი) შეიქმნა. ქვეყანაში სადღაც 250 000 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ასევე, ჩვენ ვითვლით შეფასებით მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად და ახლა, დაახლებით გვეუბნებიან, რომ ინფექცია გადაიტანა ან ქვეყანაში ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-დან 19%-მდე. საზოგადოებრივი, კოლექტიური იმუნიტეტისთვის ინფიცირების რიცხვი უნდა იყოს დაახლოებით 60-70%, ამიტომ არის ინტენსიურ ვაქცინაციაზე საუბარი, რომ მივაღწიოთ 70%-ს მოსახლეობის, თუ მივაღწიეთ, რომ იქნა საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შედარებით უფრო მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ და უფრო აქტიურად გაიხსნას ყველა ბიზნესი და თანდათანობით დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.