ქვეყანაში კრიმინალის გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო – რომან გოცირიძე

დღე არ გავა, რომ რაღაც საშინელება არ გავიგოთ. ყოველდღე ხდება მკვლელობები, ძალადობა. ეს არის იმ ატმოსფეროს შედეგი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმურა.

“როცა ჯინს გამოუშვებ იმ იმედით, რომ რაღაცაში დაგეხმარება და ეს რაღაცა არის საკუთარი პოლიტიკური მიზნები და მთელი ამ 8 წლის განმავლობაში კრიმინალი გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნოდ და სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაშინ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი იქმნება. თავს გამოყოფს დამნაშავეთა სამყარო, როლმის მოთოკვა უკვე შეუძლებელია მსგავსი ხელისუფლების მიერ. დამნაშავე არის ხელისუფლება. სტატისტიკა ვნახოთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველაფერი გაუარესებულია. მძიმე დანაშაული, მსუბუქი დანაშაულიც, სხეულის დაზიანება, მკვლელობა, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძარცვა – შევარდნაძის დრო დაგვიბრუნდა. ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების შეცვლა, კრიმინალის მოთოკვა და საკუთარი ადგილის მიჩენა. საკუთარი ადგილი არის ციხე ან, როგორც მაშინ ქურდები გარბოდნენ საქართველოდან, ან აქ ციხეში ან წავიდეს და რუსეთს შეაფაროს თავი. ნდობა ნულია. როცა უკვე ხელისუფლება არავინ ენდობა და ნებისმიერი გახმაურებული საკითხი რჩება გამოუძიებელი, კითხვის ნიშნების ქვეშ ექცევა ეს საკითხები, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, რაღაც ფორმით არის თანამონაწილე ამ პროცესში. ის ზომავს არა სამართლიანობისა და კანონიერების კუთხით ამა თუ იმ დანაშაულს, არამედ იმით, თუ რამდენად წაადგება მას პოლიტიკურად, ან რამდენად შეეხება მისი პოლიტიკური გუნდის ამა თუ იმ ნაწილს. მთავარია პოლიტიკა და ინტერესები და არა სამართლიანი გამოძიება და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. არავინ ენდობა. ახლა რომ აგური ჩამოვარდეს და მიკროფონს დაეცეს, ამაზეც ვიტყვით, რომ ზემოთ პარლამენტის წევრი იჯდა და ქვებს ის აგდებდა, იმდენად ურევია ყველაფერში ხელისუფლების ხელი. კრიმინალი გააღვიძეს, ამას გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო”, – განაცხადა გოცირიძემ.