ქვეყნის მზაობა შესაბამისობაშია კრიტერიუმებთან, კოვაქსიდან ვითხოვთ განმარტებას – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვაქსიდან ვაქცინის ვერმიღება აპლიკაციის სწორად ვერშევასებას არ უკავშირდება. მისი თქმით, კოვაქსს მიმართეს განმარტების მისაღებად.

“დღეს გაჟღერდა ინფორმაცია ინტერპრესნიუსის საშუალებით, რომ თითქოსდა საქართველომ არ დააკმაყოფილა და ვერ დააკამყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა, რადგან იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული კოვაქსიდან და ეს არის 22 თებერვლის წერილი, გადავადების მიზეზი არის ცალსახად მითითებული ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას. ქვეყნის მზაობა არის სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერიუმებთან, რომელიც დაისვა ფაიზერის ულტრაცივი ჯაჭვის მოთხოვნის მქონე ვაქცინის მისაღებად

ძალიან უხერხულია ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის მოთხოვნებს სწორად. ის რაც წერია ინტერპრესნიუსის განცხადებაში იკითხება ისე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რაც დააყენა კოვაქსმა, რაც არ არის სწორი”,– ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

“კოვაქსი” აცხადებს, რომ თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „კოვაქს პლატფორმაში“.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.