საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში ოპოზიციის ნაწილისა და ქართული ოცნების შეთანხმებას ეხმიანება და ამბობს, რომ ამით მოხარულია.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის. მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ქალბატონი ელჩი კელი დეგნანი და ბატონი ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ. შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას“, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
ცნობისთვის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელი მოაწერა “ლელომ”, ქართულმა ოცნებამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, რესპუბლიკურმა პარტიას, გირჩმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, გახარიას გუნდმა, მოქალაქეებმა, ხოლო მას ინდივიდუალურად ხელს აწერენ სალომე სამადაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და არმაზ ახვლედიანი.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და თაკო ჩარკვიანმა.