ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა, ანდრაშ რადომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ Wizz Air–ი ქუთაისის ბაზას დროებით დახურავს.
“ჩვენ არ ვხურავთ ბაზას, ჩვენ არ გვაქ რაიმე გეგმა ამაზე, სამწუხაროდ ვაჩერებთ ბაზის ოპერაციებს, გავიყვანეთ თვითმფრინავები და დავაყენეთ სხვაგან”,– ამბობს რადო.
მისი ინფორმაციით, ქუთაისში ბაზირებული ორი ავიახომალდი საქართველოდან უკვე გასულია და ბაზის მუშაობის განახლებამდე არ დაბრუნდება.
კომპანიის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში დასაქმებულების გათავისუფლება არ იგეგმება.
“ჩვენ ქუთაისის ბაზის თანამშრომლებს ვთავაზობთ საზღვარგარეთ, ვიზეარის სხვა ბაზაზე მუშაობას მანამ, სანამ განვაახლებთ ფრენებს. არავის გათავისუფლებას არ ვაპირებთ”, – თქვა ანდრაშ რადომ.
მისივე განცხადებით, Wizz Air–ი მთავრობის გადაწყვეტილებებს ელოდება და ჯერჯერობით არ იციან, როდის განაახლებენ ფრენებს.