საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში პოლიციელს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა ადამიანი, რომელსაც კომენდანტის საათის შემდეგ გარეთ ყოფნის გამო შენიშვნა მისცეს. უწყების ცნობით, მეზობლებმა მისი დაკავების საშუალება არ მისცეს და მათაც სიტყვიერი და ფიზიკური შეყრაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა”, — აღნიშნავენ უწყებაში.
სამინიტროს პოლიციელების დაზიანების ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
ადგილობრივები აცხადებენ, სამართალდამცველები 15 წლის გოგონას და მის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ინფორმაციით, გვიან ღამით პოლიციამ გარეთ მდგომ ახალგაზრდებს სახლში შესვლისკენ მოუწოდა, რის გამოც დაპირისპირება მოხდა.
15 წლის გოგონას დედის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციელებმა ადამიანები დაიცვან, სამართალდამცველებმა მისი ქალიშვილი სცემეს. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე სოციალურად დაუცველი მობინადრეების კორპუსში მოხდა.
ფორმულა გოგონას ფოტოს ავრცელებს:
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.