26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით თბილისში დღეს, ღამის 12:00 საათიდან, საავტომობილო მოძრაობა სრულად იზღუდება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს შეზღუდვა 26 მაისის ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების მოხსნამდე იმოქმედებს.
- მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე;
- მანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით;
- მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით;
- კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით;
- მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე;
- ტრანსპორტს შეეძლება გადაადგილება ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით;
- ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით;
- ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით;
- ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით.