პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა გათვალისწინებული.
მისი თქმით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.
„იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით. პენსიების ზრდა გვაქვს – 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.
აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 და 125 ლარი. ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.
რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5-6 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე 10%-ით. ძალოვნებისთვის მინდა ვთქვა, რომ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში: პოლიციაში, ჯარში და სპეცსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს ბოლო ორ წელიწადში გაეზარდათ 30%-ით ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, გავაგრძელებთ ჩვენი საჯარო მოხელეების წახალისებას და ხელფასების ზრდას“-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ბიუჯეტი ეზრდება შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროში, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები იქნება.
„განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები და მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.