პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 75 მილიონი ევრო, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების შემთხვევაში, არა დახმარება, არამედ სესხია.
მისივე თქმით, ამ საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ გადაწყვიტეს, ამ თანხის მიღებაზე უარი თქვან.
“ეს არის სესხი, რომლის ნაწილი ავიღეთ 2020 წელს და 75 მილიონი ევროს მეორე ნაწილი სესხი იყო, არა გრანტი და დახმარება. წელს იქიდან გამომდინარე, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის, ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს კოვიდპანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენთვის.
ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა, ამიტომ ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან არიდების მიზნით, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე”,– ამბობს ღარიბაშვილი.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს მაკროსაფინანსო დახმარებას “ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს”, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა.
ცნობისთვის, 24 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ “მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში”.