პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეთანხმება, რომელიც ბელარუსის KGB-სთან სუს-მა დადო, არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული.
“ერთი თვის წინ თვითონ ბელარუსმა ძალაში შეიყვანა ეს შეთანხმება და ისევ ჩვენმა მავნებლებმა და ქვეყნის მტრებმა დაიწყეს მორიგი პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ. დაიწყეს ჩვენი ქვეყნის გაშავება. ისეთი რაკურსით დაიწყეს ამ ინფორმაციის გაშუქება და გაშვება დასავლეთში, რომ თითქოს დიდ არანორმალურ ვითარებასთან გვქონდა საქმე.
რა თქმა უნდა, შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მით უმეტეს ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული. ეს არის ჩარჩო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დაკავშირებით”, – ამბობს ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და ბელარუსს შორის 2016 წელს გაფორმდა და მისი მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე.