ღარიბაშვილმა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. პოსტს სლოვაკეთის ყოფილი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი, ვაზილ ჰუდაკი დაიკავებს.

“შევარჩიეთ ბატონი ვაზილი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი. თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს”,– თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ჰუდაკი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს და საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.

“მისი ამოცანაა ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური, საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ასევე, საერთაშორისო სამეწარმეო–ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან”,– განაცხადა ღარიბაშვილმა.