ღარიბაშვილმა, რობერტ სტურუას 700 ათასი ლარის ქონება 1 ლარად გადაუფორმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტს სტურუას ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაუფორმა.  ამის შესახებ ინფორმაციას, TV პირველი ავრცელებს.

“შაბათის ეთერმა” მოიპოვა ქონების მართვის სააგენტოსა და რობერტ სტურუას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ სტურუამ ეს ქონება ნამდვილად ერთ ლარად მიიღო, თუმცა დანარჩენ საბუთებს პრემიერი მინისტრი მალავს. 1945-ე განკარგულება, რომელიც არჩევნების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა, საქართველოს მთავრობის ვებ გვერდზე ატვირთული არ არის.

2021 წლის 3 ნოემბერს, არჩევნებიდან 3 დღეში მთავრობამ 1945-ე განკარგულება გამოსცა და ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტოს რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის 1 ლარად მიყიდვა დაავალა. კონტრაქტში სტურუა მყიდველად, ქონების მართვის სააგენტო კი გამყიდველად არიან მოხსენიებული. ქონება, რომელიც ღარიბაშვილმა რობერტ სტურუას ერთ ლარად მიჰყიდა, ლისის ტბის მიმდებარედ სოფელ თხინვალაში, კეჭაყმაძის ქუჩის 2 ნომერში მდებარეობს.

“ოცნების” მთავრობისგან მიღებული ძვირფასი საჩუქარი რობერტ სტურუამ მალევე, ზუსტად 19 დღეში, გააჩუქა.  ქონება დიდი რეჟისორისგან, ვინმე როინ ნოზაძემ მიიღო. ნოზაძე სტურუას ახლო მეგობარია. ის აფორმებდა საბუთებს, სტურუას სახელით, როდესაც საქართველოს მთავრობა არჩევნების შემდეგ რეჟისორს მიწას ლარად აძლევდა, მაგრამ რობერტ სტურუა ამტკიცებს, რომ არ იცნობს პირს, ვისაც ნოტარიულად მისი სახელით მოქმედების უფლება მისცა და ვისაც 600 ათას ლარიანი ქონება აჩუქა. 2 დეკემბერს, რობერტ სტურუასგან ნაჩუქარ მიწას მისი მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირი,   200 ათას დოლარად ყიდის.

აკაკი მოწონელიძე იმ კომპანიის მფლობელია, რომელმაც რობერტ სტურუასთვის ლარად მიცემულ ქონებაში, 200 ათასი დოლარი გადაიხადა. ყოფილი სპორტსმენი და ახლა უკვე ბიზნესმენი მოწონელიძე, ლისის გზაზე, სავაჭრო ობიექტის მშენებლობას გეგმავს. მოწონელიძე გორის მოჭიდავე მერის, ლადო ხინჩეგაშვილის ბიზნეს პარტნიორია. ისინი ერთად ფლობენ კომპანია “რეფრეშს“.