საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.
„მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, – უთხრა ღარიბაშვილმა კარცელს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.
“დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს მოიცავს და 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ.
მთავრობის ცნობით, შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.