საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე იმყოფება, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დაღუპვაზე დაუსვეს კითხვა.აუდიტორიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ღარიბაშვილს ჰკითხა:
“თქვენ იკითხეთ, რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩემი კითხვაა და დავუბრუნდები გასული წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი თბილისის ცენტრში თბილი პრაიდის დროს მოკლეს, როდესაც მათ ულტრამემარჯვენეები დაესხნენ თავს. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ აქტივისტები დაეცვა. თქვენი ხელისუფლება წელსაც იმავე შეცდომას გაიმეორებს თუ რეალურად დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?” – ჰკითხა ფორუმის მონაწილემ ღარიბაშვილს.
აღნიშნული კითხვის პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არის ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით “ზოგიერთი პრობლემა და გამოწვევა”:
“გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არის პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით”.
ღარიბაშვილმა კითხვის დამსმელს ლექსო ლაშქარავაზე ნათქვამი შეუსწორა.
“ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს დაპირისპირების დროს. არ მინდა შეგაწუხოთ ყველა დეტალით, მაგრამ ვიტყვი მოკლედ, პოლიციამ დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ისინი ციხეში არიან. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ორიენტაციისა და მსგავსი რამ. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი რომელიც არსებობს საქართველოში, იცავს ყველა მოქალაქეს”, – თქვა ღარიბაშვილმა.