ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა შვეიცარიულ გაზეთ Tages Anzeiger-თან ინტერვიუში აღიარა, რომ გადაწყვეტილება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარების შესახებ შეცდომა იყო.
“ეს ძალიან პატარა ქვეყანაა და მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან დიდია მისთვის”, – თქვა ბლატერმა.
FIFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით – 14 რვის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ყატარში 12 წლის წინ, როდესაც ბლატერი ამ ორგანიზაციის სათავეში იყო. თავად ბლატერი აცხადებს, რომ მან ხმა მისცა აშშ-ს კანდიდატურას და ყველაფერში უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის ადანაშაულებს, რომელმაც ვითომ სასწორი ყატარის სასარგებლოდ გადახარა.
”მაშინ, უკვე სოციალური საფუძვლები და ადამიანის უფლებები ამოქმედდა,” – ამბობს ის.
მაშინაც კი, უფლებადამცველები აკრიტიკებდნენ ამ ქვეყანას ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ შეუწყნარებლობის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და შრომითი მიგრანტების მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო. თუმცა, ამის მიუხედავად ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატი ახლო აღმოსავლეთში ჩატარდება, კონკრეტულად კი ყატარში. ჩემპიონატის ჩატარება 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით არის დაგეგმილი. ის ზაფხულიდან ზამთრისთვის გადაიდო, რადგან ყატარში ზაფხულში ძალიან ცხელა.
ამასთან, 2010 წელს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის იმავე სხდომაზე გადაწყდა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება, მაგრამ ბლატერი ამას არ ნანობს ინტერვიუში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თავის მეგობარსაც კი უწოდებს. თუმცა ყოფილს, რადგან დიდი ხანია მასთან ურთიერთობა არ აქვს.
ბლატერის თქმით, ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში იყო შეთანხმება, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში გამართულიყო, ხოლო შემდეგი ჩემპიონატი აშშ-ში. კომიტეტის თვალსაზრისით, თუ ორი დიდი ხნის მეტოქე რიგრიგობით უმასპინძლებს ჩემპიონატს, ეს იქნებოდა კეთილი ნების ჟესტი და ფეხბურთის ეგიდით.
მაგრამ კენჭისყრამდე ერთი კვირით ადრე, ბლატერის თქმით, მიშელ პლატინიმ დაურეკა და უთხრა: “Sepp, ça ne va plus jouer”, ანუ ძველი გეგმა უნდა გაუქმდეს. და ეს იმიტომ, რომ ის, ანუ პლატინი, მიწვეული იყო ელისეის სასახლეში, სადაც ნიკოლა სარკოზიმ ყატარის პრინცის საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი თითქოს მეგობრულად ჰკითხა: “მიშელ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ შენ და შენმა კოლეგებმა უეფადან, რომ ყატარმა ჩემპიონატი ჩაატაროს?”
„ზეპ, რას გააკეთებდი, პრეზიდენტმა რომ რამე გთხოვოს?“ მკითხა პლატინიმ. მე ვუპასუხე, რომ შვეიცარიაში პრეზიდენტი არ გვყავს, მაგრამ ბოლოს ეს ყველაფერი პლატინის წყალობით და მისი ხალხისი წყალობით ასე გამოივდა და ყატარმა მიიღო ჩემპიონატი და არა ამერიკამ. ექვსი თვის შემდეგ კი ყატარმა იყიდა 14 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავები საფრანგეთისგან.“– ყვება ბლატერი.
შვეიცარიელმა ჟურნალისტებმა ბლატერს კითხეს, შეცდომა იყო თუ არა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების რუსეთისთვის მიცემა.
ბლატერი ამტკიცებს, რომ ეს ნამდვილად არ იყო შეცდომა.
“ჩვენს გეგმას რომ ემუშავა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში ჩატარებულიყო, თქვენთან ჩვენი საუბარი სულ სხვა მიმართულებით წარიმართებოდა, ან საერთოდ არ მოხდებოდა. და რუსეთმა კარგად მოახერხა ჩემპიონატის ორგანიზება“– ამბობს ბლატერი.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ ვლადიმერ პუტინმა ეს ჩემპიონატი, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი გამოიყენა,”მას სურდა წარმოედგინა რუსეთი, როგორც მშვიდობისმოყვარე სპორტული ძალა, მაგრამ დღეს უკრაინაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის სრულიად განსხვავებულ სახეს”, ბლატერი პასუხობს:
“მერე რა, ბევრი ადამიანი იყენებს სპორტს პოლიტიკური მიზნებისთვის. მე ვერ ვიქნები ამის მსაჯული”.
”მაგრამ პუტინმა პირადად მიგიწვიათ რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე…”–კითხა ჟურნალისტმა.
”მე მასთან აღარ მაქვს ურთიერთობა“- ამბობს ბლატერი, ”პუტინი ყოველთვის ფრთხილი იყო, ის არ წასულა ციურიხში FIFA-ს აღმასრულებელ კომიტეტში 2010 წელს და მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთმა გაიმარჯვა, გაფრინდა კალინინგრადიდან და მოიწვია პრესკონფერენცია, შემდეგ კი მითხრა: „ახლა ვხედავ, რომ შემიძლია გენდოთ. ახლა ჩვენ მეგობრები ვართ”.
“რა დაემართა თქვენს მეგობარს?” – ჰკითხეს ბლატერს ჟურნალისტებმა.
“მე აღარ მაქვს მასთან ურთიერთობა და ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს”, – უპასუხა ბლატერმა.
ზეპ ბლატერმა 17 წელი გაატარა ფიფას პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ 2015 წელს ის იძულებული გახდა კორუფციაში ბრალდებების გამო გადამდგარიყო (და ეს ძალიან უხალისოდ გააკეთა).მას ბრალი ედებოდა იმავე მიშელ პლატინის ანგარიშზე 2 მილიონი შვეიცარული ფრანკის (თითქმის 2,2 მილიონი დოლარის) გადარიცხვაში, რომელსაც ასევე უეფას მაღალი თანამდებობის დატოვება მოუწია.
თავიდან ბლატერს 8 წლით აუკრძალეს ფეხბურთთან რამენაირი შეხება. შემდეგ ეს ვადა 6 წლამდე შემცირდა, მაგრამ 2021 წლის მარტში ფიფას ეთიკის კოდექსის სხვადასხვა დარღვევისთვის აკრძალვა კვლავ 2028 წლამდე გაგრძელდა.
გასული წლის ნოემბერში ბლატერსა და პლატინის ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, მაგრამ ივლისში შვეიცარიის სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ სცნო.
იმავდროულად, რუსეთსა და ყატარში 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ საკამათოა და კორუფციის მრავალმა ბრალდებამ აიძულა შვეიცარიის პროკურორები და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი 2015 წელს გამოეცხადებინათ, რომ ისინი საკუთარ გამოძიებას ჩაატარებენ. ასე რომ, შესაძლებელია, ბლატერს და პლატინის კვლავ მოუწიოთ პასუხის გაცემა გამოძიების კითხვებზე.
ყატარიც და რუსეთიც კატეგორიულად უარყოფენ უკანონო თაღლითობაში მონაწილეობას, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მისაღებად უფლება. ფიფამ კი საკუთარი გამოძიების შედეგების მიხედვით, მათ მიმართ ყველა ეჭვი ჯერ კიდევ 2017 წელს მოხსნა.