ყველა აქცია იწყება მოთხოვნით: პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ სიტუაცია განმუხტოთ – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს

“ყველა აქცია იწყება მოთხოვნით: პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ სიტუაცია განმუხტოთ” – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ.

„ანდრო იდგა წინა რიგში, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა. რომელ დაზიანებაზეა საუბარი? ბატონო მოსამართლე, მაინტერესებს თქვენი შინაგანი რწმენა. თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ განმუხტოთ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება და გმირად ჩაეწეროთ. ყველა აქცია იწყება მოთხოვნით, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით სიტუაცია განმუხტოთ.ბატონო მოსამართლევ, არ მინდა, თქვენც სანქცირებულთა სიაში მოჰყვეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები. ანდრო ჭიჭინაძის მიმართ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული. ალტერნატივის სახით 1000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შემოგთავაზებთ. ანდრო არის მსახიობი. სამარცხვინოა, ასეთი განათლებული, ჭკვიანი ადამიანი, საბრალდებო სკამზე რომ ზის”,- განაცხადა კოტრიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.