გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გუშინ მხარდაჭერილი ანგარიში ევროპული ოფიციალური სტრუქტურის მიერ მიღებული პირველი წერილობითი დოკუმენტია საქართველოს შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს ევროკომისიის მიერ ზაფხულში ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებას, რითიც მიზანმიმართულად ამბობს უარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებით არანაირი წინსვლა არ აღინიშნება. უფრო მეტიც, მთელი რიგი ძირითადი მიმართულებებით ადგილი აქვს უკუსვლას. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი არსებობს და რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჭარბი გავლენების ამოძირკვას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. შესაბამისად, კანონის მიღება, რომელიც არ ეხება ბიძინა ივანიშვილს, არ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციის მუხლის შესრულებად.
ევროპული სტრუქტურის ოფიციალურ დოკუმენტში პირველად არის ჩაწერილი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ სტაგნაცია შეინიშნება. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, შეინიშნება რეგრესი მთელი რიგი მიმართულებებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ან უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების ნომინირების პროცესი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაუშვებელია “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან აგრესიული თავდასხმები ევროპარლამენტარებზე, ასევე ევროკავშირისა და აშშ ოფიციალურ პირებზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელია ისეთი მავნე რიტორიკა, როგორიცაა „დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა“.
ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ოპონენტების დევნა, რისი მკაფიო მაგალითიცაა კრიტიკული მედიის მფლობელების და მათი ოჯახების წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო საქმეები, ნიკა გვარამიას საქმე, ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე. ასევე, მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჰუმანიტარული მიზნებით, ადეკვატური მკურნალობისთვის მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში.
ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესება გასულ წელს. ევროპარლამენტი მოითხოვს “ტვ პირველის”, ტვ “მთავარისა” და ტვ “ფორმულას” წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური საქმეების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.
ანგარიშში ასახულია საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობა. აღნიშნულია არჩევნების პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა, ძალადობა, ხმის მოსყიდვა და სხვა ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება. ანგარიში ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ დაცული და გარანტირებული იყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის უფლება. ცალკე პუნქტად არის აღნიშნული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა და რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების გამორიცხვა.
24 ივნისიდან 4 თვის თავზე, 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად, “ქართულმა ოცნებამ” საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება და კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპული ოჯახის წევრობის პერსპექტივას. შექმნილ ვითარებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის გზა გადის პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციასა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან მაქსიმალურად სწრაფად ჩამოცილება”, – აღნიშნულია „გირჩი-მეტი თავისუფლების, „სტრატეგია აღმაშენებლის” და პარტია „დროას“ ერთობლივ განცხადებაში.