ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისი თქმით, სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე მისვლას აპირებდა.
“დღეს საღამოს დამიდასტურდა ომიკრონი. პროცესი მიდის უაღრესად მსუბუქად. სრული დატვირთვით ვმუშაობ რამდენიმე დღიანი კარანტინის რეჟიმით. არადა ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი ამას. სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე ვაპირებდი დასწრებას, ხოლო შემდეგ ჩემი დაბადების დღეც დგებოდა. არაა პრობლემა. ცხოვრება გრძელდება და მოკლე ხანში ისევ გამოგეცხადებით”,– წერს ნათელაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, შემდეგ კვირას პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილოს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარისა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეწყვეტის საკითხი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მანდატების გაუქმებას მხარი უკვე დაუჭირა.