“მე პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს“– ეს განცხადება რეჟისორმა რობერტ სტურუამ რადიო უცნობის ეთერში, მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის გადაცემაში გააკეთა. წამყვანმა მას კითხვა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დაუსვა, მათ შორის “ტყუილ–მართალში ცხოვრებაზე“, მედიაზე და საქართველოს ამოცანებზე, რაზეც რეჟისორმა უპასუხა:
“ჩემთვისაც საკმაოდ არარეალური მეჩვენება, რომ ამდენი საუკუნე ჩვენ ვართ სულ ასეთ მდგომარეობაში. მას შემდეგ რაც საქართველო გახდა ქრისტიანული ქვეყანა აქ სულ რაღაც უბედურება ტრიალებს. ჯერ გარე მტრები, მერე შიგნით მოღალატეები და საშინელება. საოცარი ის არის, რომ მოახერხა ამდენი საუკუნე გაუძლო და საკუთარი თავი შემოინახა–ტრადიციები, სიმღერები, კულტურა, საოცრებად მეჩვენება. რამდენმა ქვეყანამ ჩვენს გარშემო ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა საკუთარი თავი. და ამიტომ ახლათუ რამის იმედი მაქვს უხილავი ძალის, სასწაულს ველოდები და იქნებ სასწაულმა გადაგვარჩინოს. მე ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს ქართველი ქალი. მე პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს. მერე იგინებიან, მერე ილანძღებიან, რაღაც უმსგავსოებასთან გვაქვს საქმე. მე საქართველო არასდროს არ წამომედგინა უზრდელ ქვეყანად. ახლა საქართველო ჩემთვის გახდა უზრდელების პარადი. ყველაზე ძალიან მე მაღელვებს ზრდილობის საკითხი“– თქვა რობერტ სტურუამ.