საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობა. მისივე განცხადებით, თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, გამოვიდნენ და გამოხატონ თავისი აზრი.
“ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველა ოფრმა. მიუღებელია იმიტომ, რომ ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის.
მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის. ასევე, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პრაიდის კვირეული დღეს იწყება. 5 ივლისს ღირსების მარში გაიმართება.