საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უახლოეს თვეებში ამოქმედდება ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები, რაც თითქმის მთლიანად გადაკეტავს უკრაინის ცას, რუსეთს კი ამით ბოლო ინსტრუმენტი გამოეცლება.
“ფრონტზე ხდება ყველაზე მოულოდნელი რამე – დონბასში, სადაც ბოლო დრომდე რუსეთს ჰქონდა სრული უპირატესობა, ყველაფერი შეიცვალა. ჩამოყალიბდა საარტილერიო პარიტეტი და ბოლო დღეებში უკრაინელებმა დაიწყეს იარაღის საწყობების ინტენსიური განადგურება. შოიგუმ აღიარა, რომ რუსეთის ჯარი წინ ვეღარ მიიწევს. რეფერენდუმების გეგმებიც გააუქმეს იმიტომ რომ ჩაიშალა ტერიტორიის გაკონტროლების გეგმა.
პრაქტიკულად, საუბარია დონეცკის რაიონებზე, რომლებსაც ვერ იღებენ რუსები. დონბასის სხვა ნაწილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებადი დიდი ქალაქების, სლავიანსკის და კრამატორსკის აღებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ახლა ყველა ჩვენების კონტრშეტევის მოლოდინშია. გერმანიაც მოიქოქა როგორც იქნა მძიმე იარაღის მოწოდებაში და გერმანულ არტილერიას გადამწყვეტი როლი შეაქვს გარდატეხის მოპოვებაში.
უახლოეს კვირებსა და თვეებში ამოქმედდება ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები, რაც თითქმის მთლიანად გადაკეტავს უკრაინის მთელ ცას, რითიც რუსეთს ბოლო ინსტრუმენტი გამოეცლება.
სწორედ ამიტომაა ზელენსკი უფრო თავდაჯერებული, ვიდრე ოდესმე. ეს გამარჯვების რწმენა ეფუძნება მილიონი უკრაინელი ჯარისკაცის თავდადებას და პროფესიონალიზმს.
პენტაგონმა უკრაინული ჯარის ეფექტურობა შეაფასა როგორც “12 ბალი 10-ბალიანი შკალით”. ვაშინგტონის განცხადებით, უკრაინელები დასავლურ იარაღს ისე ეფექტურად იყენებენ, როგორც არავის წარმოედგინა.
მოკლედ, ყველაფერი უფრო უკეთესად მიდის, ვიდრე ბევრს ეგონა. გამარჯვება ახლოვდება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.