“ყოველთვის დააიგნორე მედვედევი” – ასე ეხმაურება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მუქარას ყირიმთან დაკავშირებით.
“საერთაშორისო სამართალი ნათელია. უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა. აქედან გამომდინარე, მუქარა საპასუხო დარტყმებზე რუსეთის ოფიციალური პირებისგან მხოლოდ მასობრივი მკვლელობების განზრახვის დადასტურება და ტრადიციული რუსული სტილით შეშინების მცდელობაა. ყოველთვის დააიგნორე მედვედევი”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის,
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა საფრთხიდან გამომდინარე, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, “აიძულებს თუ არა ყირიმზე დარტყმები რუსეთს, უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს” რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს:
- “ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება. […] ჩვენ არ ვუწესებთ საკუთარ თავს შეზღუდვებს და, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი ჩვენი დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად, ბირთვული შეკავების საფუძვლების ჩათვლით” – ამბობს მედვედევი