შალვა ელოშვილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ყაზბეგში მერობის კანდიდატად დაასახელა, აცხადებს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატი აღარ იქნება.
მისი განმარტებით, “ქართული ოცნებისთვის” ასეთივე ღირებული აღარაა არც მოხევეების მხარდაჭერა და არც გუნდი, რომელმაც “2012 წელს თავი გადადო გამარჯვებისთვის”.
“პოლიტიკური გაერთიანების შიგნით აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, უპატიოსნო გზით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სიცრუით იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ებრძვიან გუნდის ძველ წევრებს. ჩვენ არ ვიცით, ამის შესახებ ფლობს თუ არა ზუსტ ინფორმაციას პარტიის მმართველი რგოლი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მსგავსი დეზინფორმაციის წყალობით, “ქართული ოცნების” ხედვა თანდათან დაშორდა მოსახლეობის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა უნდა გაკეთდეს და რა ვერ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში.
ამ ვითარებაში, ჩვენ არ ვაპირებთ, დავრჩეთ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და დავშორდეთ ჩვენს ნამდვილ ერთობას, რომელთა მხარდაჭერა მაძლევს ამ პოსტის გამოქვეყნების საფუძველს. მე და ჩემი გუნდი ვტოვებთ “ქართულ ოცნებას” და ბრძოლას გავაგრძელებთ სწორედ ხევის სახელით”,- წერს ელოშვილი.
იგი აღნიშნავს, რომ ძალიან მალე გუნდთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.