შალვა ნათელაშვილი ევროკავშირის ქვეყნებს მიმართავს, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და გაიწვიონ ელჩები საქართველოდან

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ავრცელებს გზავნილს ევროპისადმი და ითხოვს, არ აღიარონ საქართველოში ჩატარებული არჩევნები და  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეფექტური მექანიზმების ამუშავებისკენ მოუწოდებს. შალვა ნათელაშვილი გაყალბებული არჩევნების გამო ევროპელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევას სთხოვს და ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

“უპირველესად, გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. გაცნობებთ, რომ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთადერთი ერთპარტიული პარლამენტია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთსულოვანი უარი განვაცხადეთ იმ პარალმენტში შესვლაზე, რომლის არჩევნებიც 2020 წლის 31 ოქტომბერს სრულიად გააყალბა რუსმა ოლიგარქმა პრეზიდენტ პუტინის გარემოცვიდან, საქართველოს დე-ფაქტო ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს, პარლამენტში წარმოდგენილია მხოლოდ მისი პარტია არასრული ქვორუმით და ამ ორგანოს არ შეუძლია კონსტიტუციურ, სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება და მათ შორის, თქვენთვის რეალური მოკავშირეობის გაწევა.

ამ კრიტიკულ ფონზე, ჩვენ ევროპისგან ვერ ვგრძნობთ მოსალოდნელ მხარდაჭერას, ვიღებთ მხოლოდ მოწოდებებს შევიდეთ პარლამენტში და ლეგიტიმაცია მივცეთ პრეზიდენტ პუტინის გეგმით შეკრებილ ორგანოს.

საქართველო სწორედ ევროპული არჩევანის გამო დასაჯა მოსკოვმა, მოახდინა მისი 20 %-ის ოკუპაცია, დაგვიწესა ეკონომიკური ბლოკადა, დაგვიხოცა უამრავი მოქალაქე. ევროპამ კი სანქციებიც არ დააწესა ამის გამო რუსეთისადმი. სწორედ ამ დაუსჯელობით გათამამებას მოჰყვა შემდგომ ყირიმის ოკუპაცია, უკრაინის დაშლა, სირია, ყარაბახი და სხვა.

დღესაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი სარგებლობს ევროკავშირის მოქალაქის სტატუსით რომელიც მან მიიღო საფრანგეთში ყალბი ქორწინების გაფორმებით. არ დაისაჯა იმის გამო, რომ 90-იან წლებში ანგოლაში გაყიდა 1 მილიარდი დოლარის რუსული იარაღი, რასაც 1 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა და ასევე, მან პასუხი არ აგო ქართული სახელმწიფოს მითვისების, ეკონომიკისა და ბიზნესის საკუთარ შემოსავლად გადაქცევის, კრიპტოვალუტით , ნარკოტიკით, იარაღის კონტრაბანდით, კორუფციით, შავი ფულის გარეცხვის გამო, რის თაობაზეც ეს წლები სისტემატიურად გაცნობებდით.

ახლა როცა ივანიშვილის რეჟიმის განუყოფელი ატრიბუტია – პოლიტიკური რეპრესიები, არჩევნების გაყალბება, პოლიტპატიმრები, მშვიდობიანი აქციების დარბევა, ტერორი, სასამართლოს გადაქცევა ხელისუფლების ადვოკატურად, დამოუკიდებელი მასმედიის განადგურება, შევიტყვეთ რომ ამ საახალწლოდ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი საპატიო ლეგიონერის ორდენით დააჯილდოვა, ესაა ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება!

დღეს, საქართველოს გარშემო რკალი შეკრეს დიქტატორმა პუტინმა და ნეო-სულთანმა ერდოღანმა, რომლებიც იწყებენ რეგიონის გადანაწილებას. საქართველო კი დარჩა ევროპის ერთადერთ გასაღებად ევრაზიის კონტინტეტზე. თქვენ, ამგვარი უყურადღებობა ამ გასაღებს დაგაკარგინებთ მალე და ჩვენც დავკარგავთ იმ დასავლურ გზას, რაც ავირჩიეთ და რის გამოც ამდენი განსაცდელი გადავიტანეთ. თუ თქვენგან დროული რეაგირება არ იქნება ერთ დღეს გაიღვიძებთ და ყველა ევროპისკენ მომავალი ენერგომატარებელი და ევრაზიული გზა აღმოჩნდება მოსკოვისა და ანკარის კონტროლის ქვეშ.

ქართველ ხალხს კარგად გვახსოვს, რომ ევროპამ შუა-საუკუნეებში მიგვატოვა ჯერ სპარსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში, მერე, თურქეთთან დაგვტოვეს მარტოდ, ევროპამ რეაქცია არ გააკეთა როდესაც რუსეთმა 1801 წელს გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა. ევროპამ ჩაყლაპა, როდესაც 1921 წელს რუსეთმა დაიპყრო საქართველო. ევროპამ მიგვატოვა ამ საუკუნის დასაწყისშიც, როდესაც არ მიგვიღო ნატოში და რუსეთს მისცა საშუალება 2008 წელს მოეხდინა აგრესია-ოკუპაცია საქართველოსი.

იმედია, ახლა მაინც არ მიგვატოვებთ რუს ოლიგარქთან უთანასწორო ბრძოლაში ამიტომ ვითხოვთ:

1. არ სცნოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა და მის საფუძველზე შექმნილი მთავრობა. ამის გამო ახალი არჩევნების დანიშვნამდე გაიწვიეთ ელჩები საქართველოდან და დატოვეთ ურთიერთობა რეჟიმთან დესპანის დონეზე, როგორც ეს საერთაშორისო სამართალშია მიღებული,

2. დააწესეთ სანქციები რუსი ოლიგარქის ბ. ივანიშვილის თქვენთან გადანახულ მილიარდებზე. ასევე, დაუწესეთ სანქციები მის გარემოცვას და ორგანოებს, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უშიშროების სამსახურსა და სხვა.

3. აქტიურად დაგვიჭირეთ მხარი რათა 2021 წლის ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს განახლებული კომისიებითა და საარჩევნო კანონმდებლობით.
4. ველოდებით თქვენს გადაუდებელ მხარდაჭერას.

უდიდესი პატივისცემით,
შალვა ნათელაშვილი
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.