პარლამენტში მეორე ოპოზიციური ფრაქცია, სახელწოდებით “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” შეიქმნა. სტრატეგია აღმაშენებლის წევრებს, გიორგი ვაშაძეს, პაატა მანჯგალაძეს, თეონა აქუბარდიას შეუერთდნენ გრიგოლ ვაშაძე, ტარიელ ნაკაიძე, ზურაბ ჯაფარიძე და ხათუნა სამნიძე.
“ამ ფრაქციაში გაერთიანებულია 3 პოლიტიკური პარტია და ინდივიდუალური დეპუტატები – სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ჩვენ გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველიც, მაგრამ გავერთიანდეთ რეფორმების გასატარებლად ჩვენს კოლეგებთან ერთად, ამიტომ ფრაქციას ეწოდება “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”. ვიმუშავებთ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესასრულებლად და სხვა მიზნების მისაღწევად”,– თქვა სამნიძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე მათ დაეხმარა, რომ ფრაქცია შეექმნათ.
ფრაქციის ხელმძღვანელი იქნება ხათუნა სამნიძე, მოადგილე – პაატა მანჯგალაძე, აპარატს კი უხელმძღვანელებს სერგო ჩიხლაძე.