შარმანაშვილმф 2013 წელს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“ – ზურა ჯაფარიძე

“შარმანაშვილმф 2013 წელს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“ – წერს საპატიმროდან ”კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი  ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე.

„ეს მიქანაძე წულუკიანს რომ უყვება, როგორი საშინელებები ჩავიდინეთ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, წულუკიანი რა, იქ არ იყო? თან დელეგაციის ხელმძღვანელი, ანუ მიქანაძის უფროსი არ იყო? წულუკიანი არ იყო, რომ „დააბრიფინგა“, გვეწყინა და ვტოვებთ PACE-სო? ჰოდა, რას უყვება ახალს? რა ვერ გაიგო იქ წულუკიანმა? ან ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალებდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? თუ ხედავდა რომ ქვეყანას ვღალატობდი, რა გულმა გაუძლო, რომ იქვე არ მეცა ყელში? „დიფ სთეითის“ ერთ-ორ წარმომადგენელს რატომ არ გადაუღო ფოტო?

ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, ვოლსკი რომ ჩაანაცვლა ასაკოვანი სპიკერების კვოტაში, 2013 წელს, თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი ჩასული ერევანში, ეუთოს ეგიდით, რესტორანში დამპატიჟა და ორი აგური არა, მაგრამ ორი ქაბაბი ეჭირა და თავში ირტყამდა, ეს რა დაგვემართა, რანაირად წავაგეთ არჩევნებიო. ახლა „დიფ სთეითისგან“ იცავს სამშობლოს.

P.S და აი, სანამ ამას ვწერდი – რიმა ბერიძე: ჯინ შაჰინმა თავის ქვეყანას მიხედოსო.

ოზურგეთი რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, რომელიც დარჩა ამ თანამდებობაზე, ანუ გააგრძელა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მსახურება (ვოლსკის მსგავსად) 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, ამერიკელ სენატორზე იძახის – ამერიკას მიხედოსო. ოჰ, დონალდ, შენ რა გითხარი“,- წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.