შაქარაშვილის საქმეზე საზოგადოების უნდობლობას გამყალბებელი პროკურატურა იწვევს – კახიძე

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი ოთარ კახიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმიანება. მისი თქმით, “საზოგადოების სამართლიან უნდობლობას სამართალდამცველი სისტემის მიმართ იწვევს ის ფაქტი, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობს საქმეების გამყალბებელი პროკურატურა”.

კახიძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გაყალბებული საქმის მაგალითად მოჰყავს აცხადებს, რომ არცერი გამომძიებელი და პროკურატორი, ვინც მაშინ მტკიცებულებებს აყალბებდა, დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი.

ამიტომ, ევროპული საქართველოს წევრი მიიჩნევს, რომ “ლეგიტიმურია ყველა ის კითხვა, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას და უნდობლობა, რომელსაც ვხედავთ მედიასივრცეში”.

კახიძე ასევე აღნიშნავს, რომ “ქურდული გაგების” წინ წამოწევის კლიმატი ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა.

“[ესაა] ივანიშვილის ხელისუფლების შექმნილი კლიმატი ქვეყანაში, რომ კრიმინალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ქურდული გარჩევების დაბრუნება და პოპულარიზაცია და აგრეთვე, ქურდული “გაგების” წინ წამოწევა, რაც ართულებს გამოძიებასთან თანამშრომლობას”. – ამბობს ოთარ კახიძე.

ის იმედოვნებს, რომ სამართალდამცველი ორგანოები არ გაიმეორებენ იმას, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გააკეთეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობიას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. ჯერჯერობით უცნობია ექსპერტიზის შედეგები, ის ალბათ მომდევნო კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.