გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარმა მოწმემ, მისმა მეგობარმა გურამ ამირხანაშვილმა ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა. პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, გურამ ამირხანაშვილი ბოლო, რიგით მეხუთე ჩვენებაში ამბობს, რომ “ტოიტა ქამრიში” იძულებით ჩასვეს. მისივე თქმით, მოპოვებულია ახალი ვიდეომტკიცებულებებიც. შეგახსენებთ, რომ ამირხანაშვილი ე.წ. ფერადი სახლის უკან იმალებოდა, როცა ტოიოტა ქამრის მგზავრები შაქარაშვილს მისდევდნენ, შემდეგ კი ის ამავე პიროვნებებმა მანქანაში ჩასვეს და თბილისში წამოიყვანეს. ერთ–ერთ ჩვენებაში ამირხანაშვილი ამბობდა, რომ ის იძულებით არ ჩაუსვამთ მანქანაში და უბრალოდ თბილისში წაყვანა შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა.
“ამირხანაშვილი ამბობს, რომ იძულებით ჩასვეს მანქანაში… პროკურატურა არაფერს მალავს. ყველა ეს მასალა და მტკიცებულება ადვოკატებს გადაეცათ. თუმცა უშუალოდ ტელევიზიების საშუალებით და სხვა მასმედიის საშუალებით. ყველა ის მასალა, რომელიც საქმეში არის მოთავსებული და აქამდე საჯაროდ ვრცელდებოდა, ასაჯაროებდნენ ადვოკატები თუ ჟურნალისტები. ეს პროცესი ხელს უშლის გამოძიებას. შესაბამისად, ის მოწმეები რომლებიც მოდიოდნენ დასაკითხად, იცოდნენ რა გარემოებების ირგვლივ იკითხებოდნენ, წინასწარ ემზადებოდნენ ამ ყველაფრისთვის და შესაბამისად, ეს გარემოებები მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს გამოძიებას. აქიდან გამომდინარე, კონკრეტულად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გახდა, რომ შეზღუდულიყო ინფორმაცია, – ამბობს დავით ყაზარაშვილი.
დღეს მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა განისაზღვროს. სხდომას დღესვე ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და 2 არასრულწლოვანიც დაესწრებიან, ისინი ვისაც ძიება ახლა სისხლის სამართლის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.
დღევანდელ სხდომას ასევე ესწრებიან სახაზინო ადვოკატებიც, რომლებიც პროკურატურამ დაკავებულებს მათი დამცველების მიერ გაუთქმელობის პირობის გაპროტესტების გამო დაუნიშნა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.5 დაკავებულს რამდენიმე დღის წინ ბრალი გაზრახ მკვლელობის ბრალდებით წაუყენეს.