შევადგინეთ განაცხადის ფორმები, რომ მოქალაქეებმა ცესკოს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმართონ – ნაცვლიშვილი

“შევადგინეთ განაცხადის ფორმები, რომ მოქალაქეებმა ცესკოს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმართონ” -კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, სადაც ის საზოგადოებას FACEBOOK ჯგუფში სახელად:  დაიცავი შენი ხმა #ვითხოვ ახალ არჩევნებს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფი, რომელიც შეიქმნა FACEBOOK პლატფორმაზე, თითოეულ მსურველს შეეძლება გაწევრიანდეს ამ ჯგუფში სადაც ჩვენ მოგაწვდით ყოველდღიურად ინფორმაციას, მათ შორის ეს ორი ინსტრუმენტი განთავსდება ამ ჯგუფში, ეს არის განცხადებების ფორმით, სამართლებრივად დასაბუთებული, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შედგენილი ორი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც თქვენ შეგეძლებათ. ერთი არის მომზადებული ემიგრანტებისთვის, რომ ემიგრანტებმა მიმართოთ ცესკოს, დაადასტუროთ რომ არ მოგეცათ შესაძლებლობა მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა ვინაიდან არსებობს გაშიფრული სქემა, რომ სწორედ თქვენი მონაცემები იყო გამოყენებული საქართველოში მრავალჯერადად არჩევნების მოპარვისთვის, მიმართოთ ცესკოს და მოითხოვოთ გასაჯაროვდეს ვერიფიკაციის ხელმოწერილ ქვითრებში ხომ არ არის თქვენი მონაცემები ბოროტად გამოყენებული, ცესკო ვალდებულია გიპასუხოთ ამაზე და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. მეორე ინსტრუმენტი ეს არის მეორე განაცხადის ფორმა, რომლითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ცესკოს, გავრცელებულ და საჯაროდ ნანახ კადრებზე დაფუძნებით განაცხადოთ, რომ ვინაიდან დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, ხმის ფარულობა, დაირღვა თქვენი უფლება, როგორც საქართველოს მოქალაქის და შესაბამისად მოითხოვოთ ბათილად იქნეს ცნობილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და მოითხოვოთ ხელახალი, სამართლიანი არჩევნები“, – თქვა ნაცვლიშვილმა.