შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტები, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ამ ეტაპზე 170 ხელმომწერი ჰყავს.
- გთავაზობთ განცხადებას სრულად:
”გუშინ საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ ფორმალურადაც მოუჭრა ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზა.
სხვა ბევრ უმნიშვნელოვანეს სავალალო შედეგთან ერთად, ეს გამოიწვევს ჩვენი სფეროს უკუსვლასა და სტაგნაციას.
შეგახსენებთ, რომ არა დასავლური ინტელექტუალური თუ ფინანსური მხარდაჭერა, დღეს საქართველოში არ გვექნებოდა:
· 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მენტალური დარღვევების იდენტიფიცირების პროგრამა
· ადრეული ინტერვენციის პროგრამა
· ადრეული დენვერის მოდელი
· ფლორთაიმის მოდელი
· ABA თერაპიის პროგრამა
· ადრეული ინკლუზიური განათლება ბაღებში
· ინკლუზიური განათლება სკოლებში
· დღის ცენტრების მომსახურება
· პერსონალური ასისტენტის მომსახურება
· რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა
· ბინაზე მოვლის პროგრამა
· სათემო საცხოვრებლის პროგრამა
· საოჯახო ტიპის სახლის პროგრამა უსახლკარო და დედ-მამა გარდაცვლილი შშმ პირებისთვის.
· შშმ მიტოვებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლები
· ზრდასრულთა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა
· ოკუპაციური თერაპია
· ენისა და მეტყველების თერაპია
· ფიზიკური თერაპია
· და მრავალი სხვა.
თითოეულ ამ მიმართულებას სჭირდება მუდმივი განახლება და გაძლიერება, რაც დასავლური დახმარების გარეშე წარმოუდგენელია.
იმ ქვეყნებში საითაც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გვექაჩებიან, არ იცავენ ადამიანის უფლებებს, იქ სადაც არ არის დაცული ადამიანის უფლებები, არასდროს არ არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.
ახლა ბრძოლის დროა. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ”.- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ თვითგამოცხადებულმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. ამ განცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა. პარალელურად მოქალაქეებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები გამართეს.
თბილისსში, მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის მიმდებარედ, ნაწილი კი “ოცნების” ოფისთან შეიკრიბა. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ათობით ადამაინი დაშავდა.